Saturday, October 1, 2011

Travelling and Accomodation. Part 2

წინა ნაწილში მოგახსენეთ თუ რაოდენ კომფორტულად ჩავედი მოსკოვში და რამდენად შთანბეჭდილი დავრჩი უნივერსიტეტით, მაგრამ როდესაც დადგა საკითხი ჩემი დაბინავებისა, აი აქ დაიწყო სირთულეები რომელიც გათვალისწინებული არ მქონდა. აღმოჩნდა რომ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლებში ადგილები შეზღუდულია და თვეებით ადრე ადგილები უკვე დაკავებული ყოფილა. გარდა ამისა არსებობს კარგი საერთო საცხოვრებლები, ანუ შედარებით გვიან აშენებული და კარგად გარემონტებული, საშუალო საცხოვრებლები და "საშინელი" ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ჰოდა ალბათ მიხვდით რომ ადგილები დარჩენილი იყო საშინელ კორპუსებში, სადაც უბრალოდ შეუძლებელია ცხოვრება. ნუ რა თქმა უნდა ყველგან შეიძლება ცხოვრება და იქაც ვიცხოვრებდი რამენაირად, მაგრამ იქ უნდა მეცხოვრა ერთ ოთახში 4 ადამიანთან ერთად, მესარგებლა საერთო ტუალეტით და იქ უბრალოდ უსაფრთხოების საკითხიც იდგა იმ მხრივ რომ თან მაქვს წაღებული გიტარები, კომპიუტერი და სხვა ნივთები, რომლებიც ყურადღების მოდუნების შემთხვევაში შესაძლოა სხვის განკარგულებაში გადასულიყო ჩემი არ ყოფნისას. ამ ყველაფრის ფონზე საშინელი სუნი ოთახებში! ერთი სიტყვით მიღებული იქნა გადაწყვეტილება ამ საზიზღარ ადგილში არ დავრჩენილიყავი და დავიწყე ისტერიული ძიება ალტერნატიური საცხოვრებელი ადგილისა. ცხადია მოვიმარჯვე ინტერნეტი და ვიყიდე სიტყვა და საქმის ტიპის გაზეთები. აქ გადავაწყდი მორიგ დიდ პრობლემას - მოსკოვში შეუძლებელია პირდაპირ გამქირავებელზე გასვლა. სადაც არ უნდა დარეკო ეფეთები სააგენტოებს რომლებსაც დრაკონული პირობები აქვთ - წინასწარ იხდი ერთი თვის გადასახადს, ამას ემატება სადეპოზიტო გადასახადი ერთი თვის და ასევე ერთი თვის გადასახადს საკომისიოს აძლევ სააგენტოს. ანუ გამომდინარე მოსკოვის ბინის ქირის ფასებიდან ერთიანად პირველივე დღეს დაახლოებით 3500$ უნდა გადამეხადა რაც აბსურდია და რაზეც ეგრევე უარი ვთქვი. ბინის ქირაობა მოსკოვში 4-5ჯერ აღემატება თბილისის ფასებს. შემდეგ გადავწყვიტე ოთახის ქირაობა "ხაზეიკასთან" ერთად. მოსკოვში ეს მიღებული პრაქტიკაა - აქ ბევრი მარტოხელა მოხუცი ცხოვრობს და ხშირად აქირავებენ ოთახებს თავიანთ ბინებში, მაგრამ აქაც სიძვირეა - ფასი განახევრებულია, მაგრამ ასევე ყველა განცხადება ჩაგდებული აქვთ ხელში სააგენტოებს და მაინც ერთბაშად ჩემთვის ხელმიუწვდომელი თანხის გადახდა მიწევდა. აღმოვჩნდი სრულიად გამოუვალ მდგომარეობაში და წავედი ძალიან თავზეხელაღებულ საქციელზე - დავდექი უნივერსიტეტთან ყველაზე ახლოს მდებარე მეტროსთან და ვისაც დავინახავდი მეტნაკლებად ადგილობრივს, პენსიონერს, პოტენციურ "ხაზეიკას" ვეკითხებოდი ბინაში ოთახს ხომ არ მომაქირავებთ მეთქი :) ყველა მიყურებდა როგორც არანორმალურს და ძალიან უკვირდათ..
საბოლოო ჯამში ამ ხერხმაც არ გაამართლა, სრულ სასოწარკვეთილებაში ვიყავი, უკვე დავიწყე ფიქრი იმ საერთო საცხოვრებლის საშინელ სიტუაციაზე, დავიწყე ფიქრი თუ ვისთან შემეძლო დამესაწყობებინა ძვირფასი ნივთები და საერთოდ როგორ მომიწევდა იქ არსებობა. ყველა ჩემი გეგმა ჩაიშალა და პერსპექტივაში მელოდა ორი ურთულესი სასწავლო წელი გაჯერებული ჩხუბებითა და მოულოდნელობებით, ასევე უამრავი ნარკომანებითა და ალკოჰოლიკებით, რომლებადაც იქცნენ აფრიკიდან და შუააზიიდან რუსეთში ჩამოსული სტუდენტები.
ასეთი ფიქრებით თავში, 3 დღე ვეძებდი ალტერნატიურ საცხოვრებელს სრულიად უშედეგოდ, სანამ შორიდან არ მომესმა მშობლიური ენა...

გაგრძელება იქნება...

2 comments:

  1. აბა რა წესია ეხლა, ესეთ ადგილას გაწყვეტა?! :)

    ReplyDelete
  2. მშობლიური ენა :) ჰმმმმ...ინტრიგუეტ!

    ReplyDelete