შედარებით ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ვაგრძელებ ჩემი მოსკოვის თავგადასავლის მოყოლას მეგობრებო. წინა ნაწილში გავჩერდით იმაზე, რომ ვიპოვე საცხოვრებელი ქართულ ოჯახში და იქ დავსახლდი. მაგრამ ამ წერილში მინდა გიამბოთ თუ რა სიტუაციაა ჩემს გარშემო და როგორ პირობებში ვიმყოფები.
სახლის კარზე დაკაკუნებისას მომესმა ძაღლის ყეფა და აღმოჩნდა, რომ ამ მრავალრიცხოვანი ოჯახის წევრი არის ბებერი და საშინლად ავი, გაურკვეველი ჯიშის ძაღლუკა, რომელიც პირველი კვირის განმავლობაში ყოველდღე მკბენდა და მამწარებდა და დღემდე არ ვეხატები გულზე. ძალიან წუწურაქი და კაპასი, მდედრობითი სქესის შინაბერა ძაღლია, სახელად ჯერი. ჯერის თავი რომ დავანებოთ მაჩვენეს ჩემი ოთახი, რომელშიც იდეაში მარტო არ უნდა ვყოფილიყავი და ვიცოდი, რომ ამ ოჯახის ნათესავსაც იქ უნდა დაეძინა მეორე საწოლზე. მითხრეს რომ ის მათი ბიძაშვილი თუ მამიდაშვილი იყო და რატომღაც დავასკვენი, რომ ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო. ჩემი საწოლი კი "ლეჟანკა" აღმოჩნდა, რომლის შესახებაც მოგვიანებით შევიტყვე, რომ საშინლად ჭრაჭუნობს და ყოველი ჩემი გადაბრუნება ძილში - გამოღვიძების საწინდარია. გარდა ამისა შუა ნაწილი ჩავარდნილი ჰქონია და ზურგზე წოლისას ერთი ადგილი ლამის იატაკზე მიდევს და როგორც არ უნდა გადავბრუნდე, მაინც ბუმერანგის ფორმა მაქვს ძილის დროს და ამას ვერ გაექცევი :) საღამოს კი გავიცანი ჩემი "რუმმეითი" რომელმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა! ესაა კლასიკური ქართველი ღორი-კაცი ხვიჩა, რომელიც საშინლად ხვრინავს ღამე და რაღაც საოცარ ხმებს გამოსცემს ძილში, გარდა ამისა ლაპარაკობს კიდეც სიზმარში - ღამე შიშისგან მეღვიძება ხოლმე :) ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ამ ადამიანის ფოტოს დავდებ ოდნავ მოგვიანებით და ნახავთ თუ რა სურათი მხვდება ხოლმე ყოველ დილით როცა ვიღვიძებ :) და მიხვდებით რაზეც მაქვს საუბარი.
გარდა ამისა აღსანიშნავია ისიც, რომ სტანდარტულ 2 ოთახიან ბინაში ვართ 8 სული + ძაღლი. ანუ ჩემი "რუმმეითით" კიდევ კარგ პონტში ვარ, იმიტორო გვერდით ოთახში 6 ადამიანს და ძაღლს სძინავთ ამასობაში :)
ისე ვიტყოდი რომ მართლა ძალიან კარგი ხალხია, 12 წელია აქ ცხოვრობენ ცოლ-ქმარი, ყავთ 2 შვილი, ანუ 4ნი არიან. მაგრამ ნათესავების ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ისინიც ჩამოიყვანეს და ყველანი აქ მუშაობენ და თავიანთ ოჯახებს ინახავენ საქართველოში. 2-ნი არიან დიასახლისის და და ბიძაშვილი (ჩემი რუმმეითი ხვიჩა), ერთიც კიდე უბრალოდ მეზობელი! ჯამში 8ნი ჩემიანად ორ ოთახში! უნდა ვაღიაროთ, რომ თბილისში ასეთი მეზობლური კი არა ნათესაური ურთიერთობაც კი არაა და ერთმანეთის გატანა არ ფიქსირდება :)
ამ წერილით ვასრულებ ჩემი აქ ჩამოსვლისა და დაბინავების თავგადასავლის მოყოლას. აწი ვეცდები ტვიტერის ტიპის, შედარებით მოკლე ჩანაწერები გავაკეთო რომ დიდი დრო არ წაგართვათ :)
გმადლობთ, თუ შემოდიხართ ხოლმე აქ და გაინტერესებთ ჩემი ყოფა-ცხოვრება :)
No comments:
Post a Comment