კარგა ხანი გავიდა მას შემდეგ რაც აქ რამე დამიწერია. ამჯერად მოგითხრობთ ჩემი "ბატონების" შესახებ, რომელიც დეკემბრის ბოლოს გადამედო ვიღაცისგან ჩემს მრავალნაციონალურ სასწავლებელში. შედეგად ახალ წელს შევხვდი "ჩუტყვავილა"-თი გაბატონებული. ეს იყო რაღაც საშინელება რომელიც მეგონა აღარ დამთავრდებოდა - მთელი სხეული რაღაც ვალდირებით დაიფარა და ეს იწვევდა საშინელ ქავილს! არადა მოქავების შედეგად რჩება იარები და უნდა მოითმინო. ალბათ გინახავთ ზოგს სახეზე შრამები რომ აქვს ლოყებზე - ეგაა ჩუტყვავილას ქავილის შედეგი. რადგანაც მე უფროს ასაკში დამემართა, ჩემი ბატონები უფრო რთული ფორმისა იყო ვიდრე უმცროს ასაკში რომ მომეხადა. ეს გამონაყარი მქონდა არამარტო გარედან, არამედ პირის ღრუში - ენაზე, ღრძილებზე, ხორხში, სასაზე. ვერც ვჭამდი, ვერც ვსვამდი და ტემპერატურაც მაღალი მქონდა. მაგრამ ყველაზე კატასტროფული ის იყო, რომ ბანაობაც კი არ შეიძლებოდა! მოკლედ საბედნიეროდ კრიტიკულმა მომენტმა 2 - 3 დღეში გადამიარა და შემდეგ კი უკეთესობისაკენ წავიდა საქმე. ახლა კი ნელნელა გამდის ეს გამონაყარი და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. სურათები არ გადამიღია, ვფიქრობ ყველამ ვიცით რაცაა ეს და დემონსტრირება საჭირო არაა :)
აქვე მინდა პატარა ანალიზი გავაკეთო თუ როგორ აღიქვამენ "ბატონებს" რუსეთში და როგორ აღიქვამენ ჩვენთან (უმეტესწილად პროვინციებში). აქ ჩუტყვავილა ერთერთ ინფექციურ დაავადებად ითვლება და ეწოდება ветряная оспа. მისი განკურნვა არ ხდება, ის თვითონ უნდა გავიდეს. მაგრამ, როგორც ინფექციური დაავადებისა, ხდება ტანზე გამოყრილი იარების სხვადასხვა საშუალებებით დამუშავება (ყველაზე პოპულარულია "ზილიონკა") რათა არ მოხდეს გამონაყარში ინფექციის შეჭრა. აქ მიღებული პრაქტიკაა ჩუტყვავილას წინააღმდეგ აცრის გაკეთებაც მცირე ასაკში. სიცხის მატების შემთხვევაში შესაბამისი წამლები მიიღება, ხოლო ქავილის გასანელებლად ანტიალერგენული პრეპარატების მიღება (სუპრასტინი, კლარიტინი).
ახლა კი გადავხედოთ ჩვენთან რა სიტუაციაა - ბატონების შესახებ გაგებისას, ჩვენი ტრადიციული ქართული ოჯახის ერთერთმა წევრმა, ქალბატონმა ნესტანმა, რაღაც სასწაული წარმართული რიტუალების მზადებისკენ მოგვიწოდა - თურმე საჭიროა კვერცხების წითლად შეღებვა როგორც სააღდგომოდ, ასევე მითხრეს რომ დედაჩემისთვის დამერეკა თბილისში და მეთქვა რომ ქათამი არ დაეკლა (არადა ცხოვრებაში არ დაუკლავს), აკრძალულია ყოველგვარი ალკოჰოლური სასმელების მიღება ოჯახის ყველა წევრისათვის და ასევე უნდა ჩატარებულიყო გამამხიარულებელი ღონისძიებები. ასევე გაისმოდა დიდი მოწიწებითი მოპყრობა ამ დაავადებისადმი "ბატონები ჩაგიბრძანდნენ", "ბატონები წაბრძანდებიან, მთავარია არ გავაჯავროთ" და ა.შ.
ყველაფერი ეს მე კატეგორიულად აღმოვფრქვი და ბატონყმობის გადასაგდებად ცივილიზებური გზა ავირჩიე, რომლის შედეგადაც საკმაოდ ეფექტურად მოვიბატონე გართულებების გარეშე.
საინტერესოა ამ ტერმინის წარმოშობა - "ბატონები". ჩემი ვარაუდით ასეთ დაავადებებს ბატონებს იმიტომ ეძახიან ჩვენში, რომ ისინი არანაირი წამლით არ იკურნებიან. ალბათ თავის დროზე სოფლების ყველაზე განთქმულმა ექიმბაშებმა ბევრი იბრძოლეს და უძლურნი დარჩნენ, სანამ ეს დაავადება თავისი ნებით არ გავიდა რამოდენიმე ხანში. ამიტომაც ბატონები რომ მობრძანდებიან, თავისითვე უნდა წაბრძანდნენ როცა ჩათვლიან საჭიროდ :)))
ვააა ვერ მოგსვლია კაი ამბავი თან საახალწლოდ. :(
ReplyDeleteკაია თუ უკვე გივლის